Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ე) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა მხოლოდ ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ამ აქტის გამოცემის მომენტიდან; ვ) საერთაშორისო დაცვა – თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; თ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი; ლ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი; მ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; პ) დაკავება – თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში/დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებით; ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით; რ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ან მას ხელი მიუწვდება დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე და სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე, ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ს) ოჯახის წევრი – თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები); ტ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; უ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისათვის მინიჭებული სტატუსი; ფ) მასობრივი შემოსვლა – ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რასთან გამკლავებას ან რეაგირებას ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ქ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე; ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, სერიოზული ფიზიკური დაავადების ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აგრეთვე სხვა პირი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურულ გარანტიებს, რათა ისარგებლოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები; ყ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; შ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჩ) სამგზავრო პასპორტი – ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ც) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ძ) კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის მომენტისთვის არ სარგებლობს მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წარმომადგენლობით, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე აღმოჩნდა; წ) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ჭ) მონაცემთა ბაზა – თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ხ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ჯ) სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულება; ჰ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – დედა ან მამა არასრულწლოვან შვილთან (შვილებთან) ერთად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №847 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. |