Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 32 შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ. 1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 13 თვეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნის უფლებას, მათ შორის, ამ კანონის 31-ე და 31-1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას. 2. თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებელი უფლებამოსილია არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების დაცვით. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 32 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ იზღუდება იმავე პუნქტში მითითებული ვადით, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა შეთანხმებული ფორმით მომხმარებელს არ მიაწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 4. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული, აგრეთვე სწორად იყო განხორციელებული, ჩაწერილი და ანგარიშებზე აღრიცხული და ტექნიკურ გაუმართაობას ან პროვაიდერის მომსახურების სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. 5. თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, მაშინ მას ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი და მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 32 6. თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში. 7. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან არსებული ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ყველა შემთხვევაში ჩაითვალოს იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ გადახდის ოპერაცია გადამხდელის მიერ იყო ავტორიზებული ან გადამხდელმა განახორციელა თაღლითური ქმედება ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულება დაარღვია განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც ის ამყარებს ეჭვს, რომ მომხმარებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითურ ქმედებას, განზრახვას ან უხეშ გაუფრთხილებლობას. ეს პუნქტი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 32 8. თუ საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტების შემთხვევაში ასეთი ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს დადებეტებიდან 75 დღისა, საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს აღნიშნულის შესახებ შეატყობინა, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურება, თუკი არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით ცალსახად იკვეთება მესამე პირის თაღლითობა ან/და მომხმარებლის მიერ შეტყობინებული შემთხვევა შინაარსობრივად ან/და გარემოებებით მსგავსია პროვაიდერის მიერ ბოლო 180 დღის განმავლობაში განხილული იმ შემთხვევისა/შემთხვევებისა, რომლის/რომელთა ფარგლებშიც მომხმარებლებს აუნაზღაურდათ არაავტორიზებული ოპერაციის თანხა. ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაცია მოიცავს ისეთ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით და მიმღების პროვაიდერი (ექვაირერი) უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს წარმოადგენს. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულება არ მოქმედებს, თუ საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს მიმართა საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან 75 დღის შემდეგ. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 32 9. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და საგადახდო მომსახურების მომხმარებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებასთან ან/და ანგარიშზე წვდომასთან დაკავშირებული პირობები/დებულებები, რომლებიც ზრდის მომხმარებლის მტკიცების ტვირთს ან/და ამცირებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მტკიცების ტვირთს, აგრეთვე არაპირდაპირ იწვევს ამგვარ შედეგს, ბათილია. ასევე გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, თუ საგადახდო ინსტრუმენტი ფიზიკურად არ მონაწილეობს გადახდის ოპერაციაში ან/და ანგარიშზე წვდომისას, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. |